ხმაური რუსთაველზე - პოლიცია აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან გენერატორის მიტანის უფლებას არ აძლევდა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც პოლიცია აქციის ორგანიზატორებს არ აძლევდა საშუალებას, პარლამენტთან გენერატორები მიეტანათ. სამართალდამცველებმა ისინი გზაში გააჩერეს და გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, რამაც ადგილზე კამათი გამოიწვია. მომიტინგეებს გზის გაგრძელების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ადგილზე ტვ პირველის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა.
პოლიცია ჟურნალისტს უმტკიცებდა, რომ ავტომობილი, რომელსაც გენერატორები მიჰქონდა, მხოლოდ გადამოწმების მიზნით გააჩერეს.
დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გენერატორის მანქანა, ამწეკრანი გაჩერებული ჰყავდათ სრულიად უსაფუძლოდ, არაფერი განგვიმარტეს საერთოდ, უბრალოდ, უთხრეს, რომ აქ დაგველოდეთო. როდესაც ჩვენ მოვედით ჩართული კამერით, ლაივით და კითხვები დავუსვით ბევრი, 5 წუთში სადღაც უკან დაიხიეს და გაგვაკეთებინეს ის, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს. შეუძლებელია რამე ამ ხალხმა ჩაშალოს. სანამ ხალხს მირებული აქვს გადაწყეტილება, რომ არ გაჩერდება და ბოლომდე იბრძოლებს, ჩვენ ყველა ვიქნებით ერთად და გავაკეთებთ იმას, რისი გაკათებაცაა საჭირო ამ ქვეყნისთვის, - ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.