გულწრფელი ემოცია თუ პოლიტიკური განაცხადი? - შერმადინის კობახიძისადმი "მადლობას" გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა
20-წლიანი საკალათბურთო კარიერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა მოთამაშემ, გიორგი შერმადინმა, სტვენისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე დაასრულა. მატჩის შედეგი ამ პროტესტის მიზეზი არ ყოფილა, პირიქით, დარბაზი შერმადინის ემოციურ გამოსვლას ტაშით ხვდებოდა.
დრამატული მუხტი იმ წამიდან დაიწყო, როცა შერმადინმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს. ამ სიტყვებს დარბაზში მყოფი გულშემატკივრების ნაწილის უკმაყოფილება და ხმამაღალი სტვენა მოჰყვა.
რა მოხდა სინამდვილეში?
იყო ეს სპორტსმენის გულწრფელი ემოცია, თუ პოლიტიკური განაცხადი?
მატჩზე დასწრებული გულშემატკივრები აღშფოთებულები არიან. მათთვის დაუჯერებელია, რომ სპორტსმენი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ერთგულად უჭერდნენ მხარს, მადლობას უხდის პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც აკავშირებენ, მათი სიტყვებით, „400-მდე ადამიანის ცემასთან, წამებასთან და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მოპარვასთან“.
სპორტული მიმომხილველების თქმით, ირაკლი კობახიძის სახელი რეალურ როლს არ თამაშობს შერმადინის კარიერაში. დავით ერაძის ვარაუდით, შერმადინს კობახიძისთვის მადლობის გადახდა წინასწარ სთხოვეს, რადგან პრემიერი სპორტულ არენაზე იმყოფებოდა.