სად არის კობახიძის დაპირებული ახალი სტადიონი და რატომ ჩაიშალა 876 მილიონიანი ტენდერი
ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც, კობახიძის დაპირებით, სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, ნოემბრის ბოლოსაც კი არ აშენებულა. 876-მილიონიანი ტენდერი ოფიციალურად ჩაშლილია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ახლა აღმოჩნდა, რომ მოთხოვნები და კრიტერიუმები უნდა დაზუსტდეს, რათა ბიუჯეტის თანხა „სწორად“ გადანაწილდეს. ოფიციალურ დოკუმენტში, რომლითაც შესყიდვა გაუქმდა, სწორედ ეს ფორმულირება წერია - პირობებს თავიდან გადახედავენ.
რეალურად რატომ შეჩერდა სტადიონის ტენდერი?
მკვლევართა შეფასებით, პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა - ფავორიტმა კომპანიამ ვერ მოიგო.
ტენდერში სამი მონაწილე იყო:
• „ანაგი“, რომელმაც შეთავაზება 850 მილიონად დააფასა,
• თურქული კომპანია, რომელიც 100 მილიონით იაფს სთავაზობდა სახელმწიფოს,
• აზერბაიჯანულ–ქართული გაერთიანება, რომლის შეთავაზება „ანაგზე“ 70 მილიონით ნაკლები იყო.
უცხოური კომპანიები დისკვალიფიცირდნენ, თუმცა „ანაგს“, 100 მილიონით ძვირად, პროექტი მაინც ვერ ჩააბარეს, რის შემდეგაც ტენდერი მთლიანად ანულირდა.
სტადიონი აეროპორტთან, 270 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. ამ მიწების ნაწილი უკვე გამოსყიდულია, მაგრამ დღეს არც პროექტი არსებობს და არც შესყიდვა; ყველაფერი თავიდან უნდა გამოცხადდეს. ბიუჯეტის დეფიციტისა და ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე შემცირებული ზედა ზღვრის გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ, რომ 800-მილიონიანი სტადიონის აშენება შესაძლოა საერთოდ ვერ მოხერხდეს.