„ოცნების" იზოლაციის ფასი - პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებს გამარტივებული სამუშაო ვიზები გაუუქმა

28.11.25 22:17
„ოცნების" იზოლაციის ფასი - პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებს გამარტივებული სამუშაო ვიზები გაუუქმა

1 დეკემბრიდან პოლონეთში დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ვიზის მისაღებად ბევრად უფრო რთული პროცედურების გავლა მოუწევთ. ვიზა აღარ გაიცემა ავტომატურად, როგორც აქამდე - ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება და პასუხი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

პოლონეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, გამარტივებული ვიზების სია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მოიცავს - უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და ბელარუსი. საქართველო ამ სიიდან ამოღებულია. ექსპერტების შეფასებით, მიზეზი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ევროკავშირთან გამწვავებული დაპირისპირებაა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლონეთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ქართველი ემიგრანტებისთვის. მიზეზი ორგვარია:
— სამუშაო ვიზის მიღება ქართველებისთვის ყველაზე მარტივი იყო;
— პოლონეთს ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხელმისაწვდომი შრომითი ბაზარი აქვს.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს, პოლონეთმა საქართველოს 77 ათასამდე მოქალაქეს მისცა სამუშაო ვიზა. ახლა ეს პროცესები მნიშვნელოვნად რთულდება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში