ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, გილაურმა დირექტორის პოზიციაზე გაკოტრების სპეციალისტი დანიშნა - განცხადება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე განცხადებას ავრცელებენ.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, გილაურმა დირექტორის პოზიციაზე გაკოტრების სპეციალისტი დანიშნა - აღნიშნულია განცხადებაში.
tvpirveli.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლებს, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძეს გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ირაკლი გილაური და მისი გუნდი განაგრძობს ჩვენი სკოლების დამაზიანებელი, მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას. სკოლის მენეჯმენტიდან ჩვენი უკანონო ჩამოშორების შემდეგ, 2025 წლის თებერვლიდან უკვე მესამედ შეცვალეს სკოლების დირექტორი - სამივე შემთხვევაში სკოლის დირექტორის პოზიციისათვის შეუსაბამო კანდიდატებით. პირველად, სკოლების დირექტორად დანიშნეს პორნოგრაფიული ტექსტების ავტორი პირი, რომლის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნაწარმოებები თავისუფლად იძებნება საჯარო წყაროებში. ამ ქმედებით ირაკლი გილაურის გუნდმა რისკის ქვეშ დააყენა არასრულწლოვანების უსაფრთხოება და რომ არა ჩვენ მიერ ამ ფაქტის გამოვლენა, არასრულწლოვანების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საჯარო მხილება და მშობლების პროტესტი, აღნიშნული პირი გააგრძელებდა სკოლების მართვას.
მეორედ, ირაკლი გილაურის გუნდმა სკოლების დირექტორად დანიშნა გილაურის მიერ მართული კომპანიის - სს „საქართველოს კაპიტალის“ მმართველი დირექტორი და ინვესტიციების ხელმძღვანელი გიორგი კეთილაძე, რომელსაც განათლების სფეროში არავითარი კვალიფიკაცია და გამოცდილება არ აქვს.
გიორგი კეთილაძის არაპროფესიონალიზმი ნათლად გამოჩნდა მის მიერ სკოლების დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, სკოლებიდან ღირსეული, კვალიფიციური პედაგოგების გათავისუფლებასა და სკოლებში ჩვენ მიერ დანერგილი მაღალი სტანდარტებისათვის საფრთხის შექმნაში.
კეთილაძემ რიგ შემთხვევაში თვითონ გაათავისუფლა სკოლებიდან პროფესიონალი პედაგოგები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, აიძულა ისინი, სკოლები დაეტოვებინათ. გიორგი კეთილაძის არაპროფესიონალიზმის, მის მიერ მიერ მიღებული გაუმართლებელი გადაწყვეტილებების გამო, სკოლებიდან ბავშვების გადინება და ახალი ნაკადის მკვეთრი კლება მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენს სკოლებს.
ვფიქრობთ, რომ დირექტორის პოზიციისათვის შეუსაბამო პირების დირექტორად დანიშვნა, იმ შესაძლო დანაშაულებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩვენი 30% წილის უკანონო მითვისებას „ინვესტორის,“ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ. სკოლების დამაზიანებელი ქმედებებით „ინვესტორი“ ცდილობს გვაიძულოს, დავუთმოთ მას ჩვენი წილი, წინააღმდეგ შეთხვევაში, გააგრძელებს სკოლების დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებას, გაკოტრებამდე მიიყვანს სკოლებს, რათა შემდეგ სკოლების მრავალმინიონიან აქტივებს დაეუფლოს. სკოლების გაკოტრების მიზანმიმართული გეგმის საფუძვლიან ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ 2025 წლის ოქტომბერში „ინვესტორმა“ სკოლების დირექტორად დანიშნა ისევ განათლების სფეროში გამოუცდელი პირი, გაკოტრების მმართველის სამუშაო გამოცდილებით. აღნიშნული პირი, გარდა იმისა, რომ სკოლის დირექტორისათვის დადგენილ ვერცერთ კრიტერიუმს პასუხობს და გაკოტრების სპეციალისტია, ბრიტანული საერთაშორისო სკოლებისათვის სავალდებულო სტანდარტებით, მაღალი რგოლის მენეჯმენტისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ჩვენი წილებისა და შესაბამისად, სკოლების, მიტაცების გეგმის განსახორციელებელ, ზემოაღნიშნიშნულ და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი გილაური და მისი გუნდი ცდილობს, ხელი შეუშალოს გამოძიებას. ვაფრთხილებთ ირაკლი გილაურს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად. როგორც არ უნდა ეცადოს ის, ხელი შეუშალოს გამოძიებას, ჩვენ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს და სიმართლე გაირკვეს. გარწმუნებთ, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლების მიტაცებისა თუ მისთვის ზიანის მიყენების დანაშაულებრივი სქემის განხორციელებაში, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს" - დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები.