ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

01.12.25 10:53
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრები ათეულობით ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა მათ საცხოვრებელ კორპუსთან განახლებულ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს.

ადგილობრივები ქალაქისა და აჭარის ხელისუფლებას მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, სამუშაოები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებელ სახლს.

მოსახლეობის განცხადებით, სამი წლის წინ, სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, სამშენებლო კომპანიამ ''უან გარდენ ქიი“ მათთან შეთანხმებით იკისრა ვალდებულება, კორპუსის სრული დემონტაჟისა და ყველა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მიუხედავად ამისა, კომპანიის დაპირება არ შესრულებულა და სამუშაოები ისე გაგრძელდა, რომ არც მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეჩერებულა და არც მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებულა.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კომპანიამ კორპუსის ავარიულობის სტატუსი გამოიყენა კოეფიციენტის გაზრდის სამართლებრივი ბერკეტად.

3 წელია მიმდინარეობს მშენებლობა, მიდის სულ ტყუილებში, არანაირი შედეგი არ არის, სახლი გააფორმა იუსტიციაში თითქმის 99 პროცენტი, შესაძლოა, 1-2 ადამიანი იყოს ხელმოუწერელი, მოდის და ყოველ ჯერზე ხან იმალება, ხან უარყოფს, რომ აქეთ არ ვართო, - ამბობს ადგილობრივი.

მათი თქმით, ეს შესაძლოა განხორციელდა ბათუმისა და აჭარის მაშინდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციული გავლენების შედეგად. 

მსგავსი სიახლეები