გიგაური: ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი ინსტიტუციების პირობებში ქიმიური იარაღის საქმეს მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება გამოავლენს

01.12.25 17:31
გიგაური: ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი ინსტიტუციების პირობებში ქიმიური იარაღის საქმეს მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება გამოავლენს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეფასებით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მის ინტერესებს ემსახურება.

მისი თქმით, ასეთ პირობებში ქვეყნის შიგნით ობიექტური გამოძიება ვერ ჩატარდება, ხოლო რეალური სამართლებრივი შედეგები მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით და სამიზნე სანქციების გზით არის მოსალოდნელი. 

აშკარაა, რომ ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი. ცხადია, ის ამას ვერ შეძლებდა, თუკი არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ყველა ინსტიტუცია იმუშავებდა მისი ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, მისი მმართველობის პერიოდში, ცხადია, ამის გამოძიება არის შეუძლებელი. რაც შეიძლება, მოხდეს ქვეყნის გარეთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, როცა ამაზეა საუბარი და იმაზე თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება, მათ მიმართ დადგეს, მათ შორის, ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები, ცხადია ეს ინფორმაცია, ყველაფერი, გამოყენებული იქნება, - ამბობს ეკა გიგაური. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

 

მსგავსი სიახლეები