"ქალებმა რა უნდა გიყოთ?" - მარტვილის მერი ბალდის მცველ დედებს არ შეხვდა
ბალდაში პროტესტი არ წყდება - წინა ხაზზე ისევ ქალები დგანან. დილიდან “ბალდის მცველი დედები” მარტვილის მერს ელოდებოდნენ - მერი თავად დაჰპირდა, რომ შეხვედრას გამართავდა, თუმცა არც ის და არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან.
დედებმა გიორგი ნაჭყებიასთან სატელეფონო კომუნიკაციაც სცადეს, თუმცა მან ზარებს არ პასუხა.
სიტყვის პატრონი მაინც იყავი, ამოდი. ჩვენ, დედებმა რა უნდა გიქნათ? რა უნდა გთხოვოთ ისეთი და რა შეურაცხოფა უნდა მოგაყენოთ, რომ თქვენ ვერ გადაიტანოთ, - ამბობს ბალდელი დედა.
ასე რომ დედებს გაამწარებენ, იმ ქვეყანაში ძალიან ძნელია ცხოვრება. ასე რომ გამწარდება ადამიანი, იმდენად, რომ გზაზე დარჩება... სად არდის ჩვენო სოფლის დეპუტატი?!, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.
შეგახსენებთ, რომ ბალდაში ადგილობრივი მოსახლეობა უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიის ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებს. მათი თქმით, ბალდის კანიონი “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისთვის საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადასცა.
პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადგილობრივებს პასუხს არ გასცემენ.