"ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მქონდა ბრადიკარდიის შეტევა" - ჟურნალისტი BBC-ის გამოძიების შემდეგ
"სტუდია მონიტორის" ჟურნალიტის, ქეთი თუთბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი წლის წინ საპროტესტო აქციების დარბევაში მოყოლის შემდეგ სამჯერ ჰქონდა ბრადიკარდიის (გულისცემის შენელება) შეტევა.
- BBC -ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, ჟურნალისტი ინტერესდება მისი სიმპტომები, რომლის მიზეზიც ექიმებმა ვერ დაადგინეს, მომწამლავი ნივთიერების გამოყენებამ ხომ არ გამოიწვია.
მისი თქმით, ის საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა არანაირი ქრონიკული დაავადება არ აქვს და გამოკვლევის მიხედვით მისი გული სრულად ჯანმრთელია.
ქეთი თუთბერიძე ყვება, რომ დარბევების შემდეგ ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ზედა ზღვარამდე ავიდა ლიმფოციტები, რაც მთელი ცხოვრება ნორმაში ჰქონდა, ასევე გაუუარესდა TSH-ის ანალიზის შედეგი და გაიზარდა ლიმფური ჯირკვლები.
ზედმეტად პირადი ინფორმაციაა, მაგრამ BBC-ის გამოძიების საპასუხოდ საჯაროდ უნდა დავწერო, ასე მოითხოვს შექმნილი ვითარება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მქონდა ბრადიკარდიის (გულისცემის შენელება) შეტევა, აქედან ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოვხვდი 40-მდე დავარდნილი გულის წნევით. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არავითარი ქრონიკული დაავადება არ მაქვს და კარდიოგრამის მიხედვით, ჩემი გულიც სრულიად ჯანმრთელია. ექიმები ვერ მიხვდნენ, რამ გამოიწვია ეს ბრადიკარდია. დარბევების შემდეგ ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ზედა ზღვარამდე ავიდა ლიმფოციტები, რაც მთელი ცხოვრება ნორმაში მქონდა, ასევე გამიუარესდა ძლივს მოწესრიგებული TSH-ის ანალიზის შედეგი, გაიზარდა ლიმფური ჯირკვლები. ბოლო ერთი წელია მაქვს თავის მარცხენა მხარეს პერიოდულად ყრუ ტკივილი. ორ სხვადასხვა ნევროპათოლოგთან ვიზიტის შემდეგ მაინც ვერ გაარკვიეს რა იყო მიზეზი. ერთმა ნევრალგიაზე აიღო ეჭვი, მეორემ უფრო მძიმე დაავადებაზე (შეგნებულად არ ვწერ), რაც არ დამიდასტურდა საბედნიეროდ. ეს ყველაფერი ბოლო ერთ წელში მოხდა. 99%-ით დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ზევით ჩამოთვლილი, აქციების დროს ინტოქსიკაციას უკავშირდება, რადგან აქციებზევე ორჯერ დამჭირდა სასწრაფო დახმარება.
"ოცნებამ" ქიმიური იარაღით დაგვწამლა," - წერს ქეთი თუთბერიძე.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.