"მეტსაც გადავიტანთ ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის" - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის 369-ე დღესაც იკრიბებიან. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: ახალი თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ზუსტად ერთი წლის წინ შსს-ს თანამშრომლებმა ერთ-ერთი სინდისის პატიმარი, გიორგი მინდაძე დააკავეს. ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
რუსთაველზე დგომით, ამდენი ხალხის სიყვარულით გამაძლებინა უფალმა ეს ერთი წელი თორემ გიოს გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი.
არ მინდა იმ უსაშინელესი დღის გახსენება, როცა წილკანში მოაკითხეს ჩემ შვილს და ხელიდან წამართვეს, ფორმაც რომ არ ეცვათ და მერე მოწმე რომ დგას და ამტკიცებს, რომ უწყება გაუგზავნა გიორგი მინდაძეს და გამოცხადდა.
უფალი შემძლეა ყველაფრის, ვიცი ცრუმოწმეებსაც მოეკითხება, მოსამართლეებსაც. ყველა ვინც არასწორად მოგვექცა, ჩემი ცრემლი რაც გინახავთ, ყველას ერთიანად წალეკავს, ამის პირობას გაძლევთ.
გიორგის კიდევ მხნეობა, გამძლეობა. ეს ერთი წელი გადავიტანეთ დედიკო, მეტსაც გადავიტანთ ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის," - ამბობს გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია.