მოქალაქეები "ოცნების" წინააღმდეგ - აქციაზე დაშავებულები სამართლებრივ დავას იწყებენ
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ერთმანეთის მიყოლებით ყვებიან ერთსა და იმავე სიმპტომებზე - სპაზმები, მწვავე ხველა, წნევის მკვეთრი ცვალებადობა, მხედველობის დაქვეითება, კანის დამწვრობები და ძლიერი თავის ტკივილები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი დარბევების დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს უკავშირდება.
ერთ-ერთი ასეთია ქეთო პაპუნაშვილის ისტორია. რამდენიმე დარბევის შემდეგ, მისი მხედველობა იმდენად გაუარესდა, რომ გადაადგილებაც უჭირს. დაკარგა სამსახური, თუმცა შშმ სტატუსსაც ვერ იღებს, რადგან ექიმები დღემდე ვერ ადგენენ ზუსტ დიაგნოზს.
მსგავსი სიმპტომებით იტანჯება თათი მელიქიშვილი, რომლის თხრობა კიდევ უფრო მძიმეა: ღრძილებიდან სისხლდენა, დამწვარი კანი, ძლიერი და მუდმივი თავის ტკივილები, მხედველობის მკვეთრი დაქვეითება. ექიმები უკვე ერთი წელია ვერ ეუბნებიან, რა გახდა მისი თვალის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.
ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორისაა მარიამ გელოვანის ისტორია. ის 2023 წლის მარტის პროტესტის მონაწილეა. მან ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მეორე თვალში კი მხოლოდ 40% დარჩა.
მარიამი ეჭვობს, რომ მაშინ უკვე გამოიყენეს ქიმიური მინარევები, რომელთა არსებობა საზოგადოებისთვის მაშინაც და დღესაც უცნობი იყო, და რომ ეს ნივთიერებები არაპროპორციული რაოდენობით გამოიყენეს მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.