„ბრომობენზილციანიდი ხალხის წინააღმდეგ“ - მივა თუ არა საქმე ჰააგამდე
საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედება, მოქალაქეების წინააღმდეგ 1930-იანი წლებიდან აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენება, საერთაშორისო სამართალზე მიბმულ მძიმე დანაშაულად შეფასდება და საქმე ჰააგის ტრიბუნალამდე მივა.
ჟურნალისტური საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ უკვე არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ საკითხი ჰააგის სტრუქტურებმა განიხილონ.
თავსდირიძის თქმით, ბრომობენზილციანიდით აქციის დაშლა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არის კონვენციური დანაშაული. თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ქიმიური აგენტი მართლაც გამოიყენეს,
ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ვალდებული იქნება, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ დააკავოს.
საერთაშორისო პროცესისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვება უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, საკითხით უნდა დაინტერესდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW), რომლის შტაბ-ბინაც სწორედ ჰააგაში მდებარეობს. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრია და შესაბამისად, ქიმიური აგენტების გამოყენებაზე მკაფიო ვალდებულებები აქვს.
იმ ფონზე, როცა ჟურნალისტური გამოძიება ახალ კითხვებს აჩენს, ოპოზიცია მოუწოდებს გაეროს, ქვეყანაში გაგზავნოს ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რათა საერთაშორისო დონეზე დადგინდეს,
გამოიყენა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ქიმიური იარაღი საკუთარ ხალხზე და ჩაიდინა თუ არა ხელისუფლებამ დანაშაული მოქალაქეების წინააღმდეგ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.