ადვოკატი რამიშვილი: ქიმიური ზემოქმედება შესაძლოა, ჩემი სიმსივნის დიაგნოზთან იყოს კავშირში
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ BBC-ის მიერ ნახსენები კანცეროგენული ნივთიერება "ტრიქლორეთილენი" შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო აქციების დაშლისას და საკუთარ ჯანმრთელობაში აღმოჩენილი სიმსივნური კვანძიც ამ ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, ემიგრაციაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა თირკმელზე ახალი სიმსივნური კვანძი აჩვენა, რაც არასდროს ჰქონია, და „სავსებით შესაძლებელია“, რომ ეს წყლის ჭავლისა და ბალონებით გამოყენებული ქიმიური ნაერთების შედეგი იყოს.
BBC-ის სტატიაში წერია მეორე ნივთიერება ტრიქლორეთილენი, არის ცნობილი კანციროგენი (კიბოს იწვევს) და მისი გამოყენება ადამიანებთან დაუშვებელია, შესაბამისად დასაბუთებული ვარაუდით რობოკოპებს რომლებსაც ხელში ეჭირათ ბალონი, შესაძლებელია ეს ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც სადაც ეხლა ვიმყოფები ემიგრაციაში, ჩამიტარდა გამოკვლევები და თირკმელზე, რომელიც მხოლოდ ერთი მაქვს დამიდგინდა სიმსივნური კვანძი, რომელიც არასდრის მქონია და სრულიად შესაძლებელი ეს განხორციელებულიყო, წყლის ჭავლის და ბალონის გამოყენებისას აქციაზე ჩვენს წინააღმდეგ, - წერს რამიშვილი.
ადვოკატი „პირველებს“ დეტალურად უყვება, თუ როგორც დაზარალდა საპროტესტო აქციებზე.
მაბანავეს, ასე რომ ვთქვათ და სასწრაფო და ეს ახალგაზრდები რომ არ ყოფილიყვნენ, კატასტროფულ მდგომარეობაში ვიყავი. 2 კვირის განმავლობაში როგორ ვიყავი იცით? შიგნიდან რომ სხეული გეწვის, ყველა ორგანო რომ იწვის, ცივ წყალში ვიდექი, რომ რაღაცნაირად გავგრილებულიყავი, ამან გარკვეულწილად მხედველობაზეც იმოქმედა, გამიჩნდა თვალებთან დაკავშირებული პრობლემა, წაკითხვის უნარი შემეზღუდა, გარდა ამისა, ნებისმიერი გადაადგილების დროს მემართებოდა თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა, რის გამოც, ჩავიტარე გამოკვლევა. მე ერთადერთი თირკმელი მაქვს და დადგინდა, რომ ამაზეც მაქვს სიმსივნური კვანძი. ახლა მიმდინარეობს დადგენა ამ ყველაფრის. სიმპტომები ზუსტად რელევანტურია იმის, რომ აღნიშნულის გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა, ეს კითხვები როცა არსებობს, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი,- თქვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.
- BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.