გიორგი ჩახუნაშვილი: „თუ კეთილი საქმეების გამო პასუხისგებაში მიმცემენ - კი ბატონო“
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, გამოკითხვაზე მივიდეს და ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი აბსურდულ შთაბეჭდილებას უქმნის.
ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. რა უნდა ვთქვა, თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო. მე ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, დაწყებული ჩემი საქმიდან, ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი. კვლევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე დაავადება. ვფიქრობ, რომ ამ კლინიკურმა შრომამ ბევრი სიკეთე გააკეთა და კიდევ ბევრს სიკეთეს გააკეთებს. მთავარია, ყველა დეტალი იყოს აღწერილი და შემდგომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს, აქ რა არის გაუგებარი, არ ვიცი, - ამბობს ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოკითხვაზე იბარებენ ყველას, ვინც ბრიტანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა.