დარბევებისგან დაზარალებული მოქალაქეები: "ტარაკნებს რომ შეუყრიან "დიხლაფოსს" ასეთი ამბავი დაგვაწიეს"

03.12.25 18:26
დარბევებისგან დაზარალებული მოქალაქეები: "ტარაკნებს რომ შეუყრიან "დიხლაფოსს" ასეთი ამბავი დაგვაწიეს"

"ტარაკნებს რომ შეუყრიან "დიხლაფოსს" ესეთი ამბავი დაგვაწიეს ადგილობრივ მოსახლეობას" - რუსთაველის გამზირზე მაცხოვრებელი ადამიანები ყვებიან, რომ ქიმიურმა ნივთიერებამ, რომელსაც შსს სავარაუდოდ, მომიტინგეების დასაშლელად იყენებდა აქციების დროს, მათ სახლებში შეაღწია. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პირები გასული წლის ნოემბერი-დეკემბრის დღეებს იხსენებენ და სიმპტომებზე საუბრობენ. 

ერთ-ერთი მაცხოვრებელი "პირველებს" უყვება, რომ გაზის გამო მოსახლეობას სუნთქვა უჭირდა, ჰქონდათ მუდმივი გულისრევის შეგრძნება, დეზორიენტაცია და ფსიქოლოგიური პრობლემები. 

რა რაოდენობის გაზი გვაქვს ნაყლაპი აქ წარმოუდგენელია. მოდიოდნენ ეს სპეცრაზმის თანამშრომლები და ასე მუჭებით ეყარათ და ასე ყრიდნენ აქეთ-იქით ვითომ მისდევდნენ გაქცეულ მომიტინგეებს და იმაზე ვინმემ იფიქრა, რომ აქ ხალხი ცხოვრობდა საერთოდ? რა რაოდენობის გაზი გვაქვს ნაყლაპი საერთოდ ვინმემ ამაზე დასვა კითხვა?

ეს კობახიძე რომ გამოდის და ლაპარაკობს... სულ რომ უბრალო მარილი აჭამო ადამიანს ყოველდღე გადამეტებული რაოდენობით, ისიც კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, არათუ ეს რაღაცა გაურკვეველი გაზი. 

არავის ამ ხალხზე არ უფიქრია, ტარაკნებს რომ შეუყრიან "დიხლაფოსს" ესეთი ამბავი დაგვაწიეს ადგილობრივ მოსახლეობას. ის ხალხი, რომელიც საერთოდ არ ვიყავით დავუშვათ მომიტინგეები. აქ ჰაერი არ იყო საერთოდ. მოხუც ადამიანს, ზემოთ მეორე სართულზე, აბაზანაში ვკეტავდით ღამე იმის გამო, რომ მოხუცია და ის ვერ აიტანდა. 

მუდმივად გულისრევის შეგრძნება, მუდმივად დეზორიენტაცია და ბოლოს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები დამეწყო, გაორებები მქონდა, ვეღარ ვაფიქსირებდი დღე იყო, ღამე იყო, რამდენი ხანი გავიდა, ისტერიკები მუდმივად, საშინელი მდგომარეობა იყო. 

გარბოდნენ ის მომიტინგეები, ჩვენ ვრჩებოდით ადგილას და წასასვლელიც არ გვქონდა იმიტომ, რომ სახლში, ლოგინში შემოდიოდა ის აყროლებული, მხრჩოლავი გაზი. მხრჩოლავი გაზი, რომელიც გახრჩობს, გულს გირევს, ვერ სუნთქავ და კვდები ფაქტობრივად და ასე ვკვდებოდით რამდენი ღამის განმავლობაში - 2023 წლის მარტიდან - 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით," - ყვება ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

მსგავსი სიახლეები