სკანდალი: ჰელსინკის კომისია “ოცნების” მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ცნობების შემოწმებას ითხოვს
ჰელსინკის კომისია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების სკანდალს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას და მათ მოკავშირეებს, რომ გადაამოწმონ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები ფაქტი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს.
„ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია.
ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები დაუტოვა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრი იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.
მსგავსი ქცევა „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის იმ კორუმპირებულ მმართველებთან ერთ რიგში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იხევენ უკან.
მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კონგრესში ჩვენს კოლეგებს, მიიღონ „MEGOBARI აქტი“ – ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მიანიჭებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის ლიდერების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ სენატორები – როჯერ უიკერი და შელდონ უაითჰაუზი, ასევე კონგრესმენები – ჯო უილსონი და სტივ კოენი.