არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში - პროცესში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაც ერთვება
ადვოკატთა ასოციაცია არჩევნებისთვის ემზადება. პროცესში ერთვება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაც და საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს.
მათი თქმით, თავად თავმჯდომარის კანდიდატი არ ეყოლებათ, თუმცა იბრძოლებენ, რომ არჩევნების შემდეგ ასოციაციაში ისეთი გარემო შეიქმნას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, თანასწორ პირობებში და არა ერთპიროვნულად.
ამ არჩევნებზე ჩვენ, ადვოკატებმა, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, გვსურს სიახლე ასოციაციის მართვაში, თუ ჩვენთვის მისაღებია დუმილი, ჩვენს პროფესიაში, მართლმსაჯულებაში და ადვოკატის უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებზე. სიფას წევრმა ადვოკატებმა გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი დრო, უნარები და ენერგია მოვახმაროთ ჩვენი პროფესიის განვითარებას, -ქეთევან ქვარცხავა
ჩვენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი ადვოკატები, ვმონაწილეობთ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში, რათა შევცვალოთ სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომლისთვისაც პრინციპულია შემდეგი ღირებულებები: კონსტიტუციის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მდუმარე მმართველობის დასრულება, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და სამართლიანი კანონმდებლობა. ერთი გუნდის მმართველობის ნაცვლად, უპრეცედენტო, კოლეგიური ალიანსის ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება, სადაც ისმის ყველა პროფესიონალის ხმა. ჩვენი პროფესიაში ყოფნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვინაიდან, არამარტო ადვოკატის პროფესიის განვითარების და გაუმჯობესების საკითხები დგას დღეს დღის წესრიგში, არამედ ამ პროფესიის გადარჩენის საკითხები. ჩვენი მთავარი მიზანია, არ მოგვერიდოს ხელისუფლების არცერთი შტოს კრიტიკა, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
საქართველოს იურიდილი ფირმების ასოციაციის ადვოკატებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს და სამოქმედო გეგმაც გამოაქვეყნეს.
“სიფა” აყენებს კანდიდატებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, ეთიკის კომისიასა და სარევიზიო კომისიაში, მას არ დაუყენებია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რადგან ადვოკატთა ასოციაცია იმართება კოლეგიურად და გადაწყვეტილებები მიღება სწორედ აღმასრულებელი საბჭოს და არა თავმჯდომარის მიერ.
,,სიფას” მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაცია იმართებოდეს კოლეგიურად, ალიანსის სახით, რათა წარმოდგენილი იყოს ადვოკატთა ყველა ჯგუფის ინტერესები.