რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული - მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

05.12.25 12:15
რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული - მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!" - ასე აფასებს ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმას. 

ენათმეცნიერი, რომელიც 4 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს.

  • მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე.

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება…

ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ.

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას.

  • ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში, რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.

ასევე "ოცნება" საგრანტო დაფინანსების მოდელსაც აუქმებს - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა

მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.

 

მსგავსი სიახლეები