არის თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების გვერდის არიდების სქემის ნაწილი? - რას წერს TI

05.12.25 13:36
არის თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების გვერდის არიდების სქემის ნაწილი? - რას წერს TI

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – სანქციების გვერდის არიდების სქემის ნაწილი? - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და 2025 წლის 21 ოქტომბერს, „როიტერსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ გაჩენილ კითხვებს პასუხობს.

გამოცემის ცნობით, სტატიამ, სადაც საუბარია რუსული ნავთობის ყულევში შეტანაზე, გააჩინა ეჭვები, ხომ არ არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე გვერდის ავლის სქემის ნაწილი.

ბლოგში დეტალურადაა ახსნილი რა მოხდა ყულევში, ვინ ფლობს და მართავს ყულევის ქარხანას, მუშაობს თუ არა ქარხანა, ვინ ჩადო ფული ქარხანაში და რა გეგმები აქვს კომპანიას, ყულევის ქარხნის მფლობელთა რუსულ კავშირებზე.

2025 წლის 21 ოქტომბერს, „როიტერსმა“ გამოაქვეყნა სტატია რუსული ნავთობის ყულევში შეტანის შესახებ. ინციდენტმა გააჩინა ეჭვები, ხომ არ არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე გვერდის ავლის სქემის ნაწილი. ამასთან, მორიგ ჯერზე დაისვა კითხვები, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ რუსული ნავთობის შეძენა და რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის. ეს კი, შესაძლოა, რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემად იქნეს მიჩნეული დასავლური ქვეყნებისგან.

ბლოგში ვრცლად წაიკითხავთ რა მოხდა ყულევში, ვინ ფლობს და მართავს ყულევის ქარხანას, მუშაობს თუ არა ქარხანა, ვინ ჩადო ფული ქარხანაში და რა გეგმები აქვს კომპანიას, ყულევის ქარხნის მფლობელთა რუსულ კავშირებზე, - წერს TI.

რა მოხდა ყულევში

„როიტერსის“ ინფორმაციით, 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში ახლადაშენებულ ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან გამოგზავნილი 105 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდა საზღვაო ტანკერ „კაისერის“ (Kayseri) გამოყენებით. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამ ფაქტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ნავთობის შემოსვლა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება შემომტან გემზე, მის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე.

ნავთობის გამოგზავნისა და მიღების მომენტში სანქციები მართლაც არ იყო დაწესებული უშუალოდ გამომგზავნ კომპანიასა და გემზე. თუმცა, გემი მალევე დასანქცირდა, ხოლო მათი მფლობელების შემთხვევაში მდგომარეობა არ არის ცალსახა.

ვინ ფლობს და მართავს ყულევის ქარხანას

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება 2012 წელს გადაწყდა. აზერბაიჯანულ „სოკარს“ და საქართველოს მთავრობას შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა ინვესტორი. საბოლოოდ, ქარხნის მშენებლობა შპს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ დაიწყო.

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ნავთობის გადამუშავება და რეალიზაცია. 2024 წლის დეკემბრამდე კომპანიის 70%-ს მაკა ასათიანი ფლობდა, ხოლო 30%-ს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. თავის მხრივ, შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“ 70%-საც მაკა ასათიანი ფლობდა, ხოლო 30%-ს სოფიო თავართქილაძე. 2024 წლის 3 დეკემბრიდან შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-ის მფლობელი შპს „მკ კაპიტალი“ გახდა, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის.

2025 წლის თებერვალში შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 29.34%-ის მფლობელი შპს „დუნამის“ გახდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი დავით ფოცხვერიაა. წილის სანაცვლოდ, შპს „დუნამისმა“ შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ კაპიტალი 911 მილიონი რუბლით, ანუ 28.4 მილიონი ლარით შეავსო. შედეგად, „ბლექ სი პეტროლიუმის" სააქციო კაპიტალი 96.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

თებერვლიდან „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერიაა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი ვახტანგ ჩახნაშვილი, კონსტანტინე გოგელია (მაკა ასათიანის მეუღლე) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან. ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა და 26 სექტემბერს „ბლექ სი პეტროლიუმს“ შეუერთდა.

მუშაობს თუ არა ქარხანა

უცნობია, უკვე დაიწყო თუ არა ყულევის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება. ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები“ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში შეეცადა ამის გარკვევას. „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენლებმა და „საქართველოს განვითარების ფონდმა“ ჟურნალისტებს არ უპასუხეს, მხოლოდ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს და ოფიციალურად ქარხანა ჯერ არ გახსნილა.

ვინ ჩადო ფული ქარხანაში და რა გეგმები აქვს კომპანიას

ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე 1.2 მლნ ტონა იქნება წელიწადში, რაც თანდათან 3 მლნ ტონამდე გაიზრდება. ქარხანა 4 ეტაპად უნდა აშენდეს და მშენებლობაზე ჯამში 600 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. მშენებლობის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 130 მლნ დოლარია.

5 მლნ დოლარს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - „საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) ხარჯავს. სამი კომერციული ბანკი: „ბანკი ქართუ“, „ბაზისბანკი" და „ხალიკბანკი“ ქარხნის მშენებლობას ჯამში 45 მლნ დოლარით აფინანსებენ. შესაბამისად, პროექტის პირველ ფაზას სახელმწიფო ფონდი და კომერციული ბანკები ჯამში 50 მლნ დოლარის კრედიტით აფინანსებენ.

„ბანკი ქართუს“ მფლობელი საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური კომპანია Xinjiang Hualing Industry & Trade Group Co არის. „ხალიბანკის“ მფლობელი „ყაზახეთის სახალხო ბანკია", რომელიც ტიმურ და დინარა ყულიბაევებს ეკუთვნით.

ყულევის ქარხნის მფლობელთა რუსული კავშირები

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საბოლოო მესაკუთრეები ცოლ-ქმარი მაკა ასათიანი და კონსტანტინე გოგელია არიან. მაკა ასათიანი ცნობილი ქართველი დიზაინერია. კონსტანტინე გოგელია, Business Research Group-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთში საქმიანობს და არაერთ კომპანიას ფლობს. არის Nefteresurs-ის და Arctic Bunker-ის დამფუძნებელი. გოგელიას კომპანიები მართავენ ტერმინალებს მურმანსკსა და ნოვოროსიისკში. მისი კომპანიები ეწევიან მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავისა და მსგავსი პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობასა და გადაზიდვას.

კავშირი რუს სამხედროებთან – რუსულმა მედიაპროექტმა Агентство, გამოცემა Проект-ის გამოძიებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკა ასათიანის შვილი (პირველი ქორწინებიდან), კახი ჟორდანია რუსეთში ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ კომპანიას Oil Energy Group-ს. 2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში СДО-Логистик-ში, სადაც მისი პარტნიორი (51%-ის მფლობელი) არის სერგეი ალექსეევი. სერგეი ალექსეევი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია. გამოცემა Проект სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ სერგეი ალექსეევი, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვამდე, კომპანია „რუსნეფტში“ მუშაობდა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები