რუსული ნავთობის პარტია და სანქცირებული ტანკერი - რა სქემა მუშაობს ყულევში?
იქცა თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციებისგან თავის არიდების მასშტაბურ სქემაში ერთ-ერთ რგოლად? ორი თვის წინ ქარხანაში რუსული ნავთობის პირველი პარტია შევიდა, რის შემდეგაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ქარხნის გარშემო არსებული ინტერესები დეტალურად შეისწავლა.
6 ოქტომბერს ყულევში ნოვოროსიისკის პორტიდან ტანკერმა Kaisery 105 340 ტონა ნავთობი ჩამოიტანა. იმ მომენტში ტანკერი სანქცირებული არ იყო, რაც „ქართულ ოცნებაში“ დამამშვიდებელ ფაქტორად მონიშნეს. თუმცა, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 23 ოქტომბერს, Kaisery ევროპულ სანქციებს დაექვემდებარა - ჩრდილოვანი რუსული ფლოტის ნაწილად. ტანკერის მფლობელმა კი აშშ-ის სანქციები ირანის მხარდაჭერის გამო მიიღო.
რამდენიმე კვირის წინ "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ნავთობის მიმწოდებელი კომპანია სანქცირებული არ იყო, მაგრამ არსებული მონაცემები სხვა სურათს აჩვენებს: კომპანია „რუსნეფტის“ მფლობელია რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი, რომლის პარტნიორიც მისი ძმაა - ორივე საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, სწორედ გუცერიევების კომპანიამ იყიდა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის აქტივები დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად 2012 წელს, რაც ამ საქმეს დამატებით საეჭვოს ხდის.
ექსპერტების შეფასებით, ყულევის ქარხანა და რუსული ნავთობის შემოტანა შესაძლოა ერთიანი სქემის ნაწილი იყოს: რუსული ნავთობი საქართველოში შემოდის, ნაწილობრივ გადამუშავდება და შემდეგ რუსეთის კვალის დამალვით საქართველოს სახელით გადის ექსპორტზე. დასავლეთისთვის კი ეს არა უბრალოდ ტექნიკური ოპერაცია, არამედ დახმარებაა სახელმწიფოსთვის, რომელიც სანქციებს გვერდს უვლის.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.