ომბუდსმენი: მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა

05.12.25 18:46
ომბუდსმენი: მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდების შესახებ საქმისწარმოების ფარგლებში სინდისის პატიმრის სამედიცინო დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. 

  • გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა. საია-ს მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე საქმისწარმოება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ამ დრომდე ლევან იოსელიანის უწყებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა არ დაუსრულებია.

მზია ამაღლობელის საქმეზე გრძელდება საქმის წარმოება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია მკურნალობის საკითხზე," - მიწერეს დღეს, 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან "ბათუმელებს".

საია-მ 2025 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას მიმართა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში ("ნიუ ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში" ან "კავკასიის სამედიცინო ცენტრში") მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი  მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

  • საია-მ ასევე მიმართა ომბუდსმენს ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს - სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.
  • იუსტიციის სამინისტროში "ბათუმელებს" 5 დეკემბერსაც არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.

მსგავსი სიახლეები