მძიმე სიმპტომები, გაურკვეველი დიაგნოზი და კითხვები, რომელთაც „ოცნება“ ისევ არ პასუხობს - რას ყვებიან მოქალაქეები
ქიმიური სკანდალის ფონზე ყოველდღიურად მატულობს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნებს იხსენებენ. ერთ-ერთი მათგანია ანუკა მოსაშვილი - ის ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალადობრივ დარბევაში მოყვა, 112-ის ბრიგადამ კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითონ ჰყვება, გზაში ექიმებიც ვერ ხვდებოდნენ, რა ნივთიერებით იყვნენ მოქალაქეები მოწამლულები. მას ჰქონოდა სუნთქვის პრობლემები, უძილობა, მოგვიანებით კი ოპერაციაც დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ისევ არწმუნებს, რომ დარბევის შემდეგ მედიკოსებთან მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა. რეალური სურათი განსხვავებულია: მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ისაუბრეს, ყვებიან, რომ თვეების განმავლობაში გადიოდნენ მკურნალობას, თუმცა დიაგნოზის დასმა ექიმებს უჭირდათ - სწორედ იმიტომ, რომ უცნობი იყო, რა ნივთიერება გამოიყენეს აქციების დასაშლელად.
დარბევის შემდეგ სერიოზულად გაუარესდა ვანდა იმნაძის ჯანმრთელობაც. ძლიერი ალერგიული რეაქციების შემდეგ მას სამი თვის შემდეგ ჩიყვი გამოაჩნდა. თავადაც და მისი მკურნალი ექიმიც ვარაუდობენ, რომ ამ პროცესის მაპროვოცირებელი სწორედ ის ქიმიური ნარევი იყო, რომელიც რუსთაველზე დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.