BBC-ის სკანდალური გამოძიება - ექიმების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის და NCDC-ს დირექტორის გადადგომას ითხოვენ
BBC-ის გამოძიების შემდეგ, ექიმების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის გადადგომას ითხოვენ.
დღეს საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ ბრიფინგი გამართა და ქიმიური ნივთიერების სკანდალზე საერთაშორისო ინსტიტუტებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან უნდა გადადგნენ. იქიდან გამომდინაე, რომ დროულად არ იყო მიღებული პრევენციული ღონისძიებები და შემდგომი სამკურნალო პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური პროცესები არ წარმართულა. ამიტომ, პასუხისმგებლობა სრულად უნდა დაეკისროს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს", - ამბობს ექიმი.
ეს სიმპტომები, რომელიც მე გამომივლინდა ძალიან მალე, ეს იყო გაურკვეველი გენეზის სისხლდენა, რომელიც არასდროს არ მქონია. მე თვითონ ექიმი ვარ და ამ ეტაპზეც კლინიკა ვერ ადგენს, სატურაცია მაქვს ნორმის ქვევით. ჟანგბადით მომარაგების პირობებშიც კი ვერ ხდება მისი ნორმაში ჩადგომა", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.