არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში - ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს
ადვოკატთა ასოციაციაში სიტუაცია იძაბება. თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ დაწყებულია მზადება არჩევნების გასაყალბებლად. იურისტების ნაწილი მიანიშნებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე დავით ასათიანი ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი ყანდაშვილს ლობირებს. მათი შეფასებით, ყანდაშვილი ივანიშვილის გუნდის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი.
ადოკატთა ასოციაცია და თავმჯდომარე სრულად დააკომპლექტებს სამანდატო კომისიის წევრებს. სამანდატო კომისიის წევრებმა უნდა დაითვალონ ხმის დამთვლელი კომისიის წევრების არჩევნების შედეგები. როდესაც ადვოკატები 13 დეკემბერს მისცემენ ხმას ხმის დამთვლელი კომისიის წევრებს, სწორედ ეს შედეგები უნდა დაითვალოს სამანდატო კომისიამ, სადაც ჩვენ არ გვეყოლება აცეთი წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, არსებობს რისკი იმის, რომ არჩევნები შეიძლება, გაყალბდეს. ასევე, აღმასრულებელმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სხვა მოთხოვნებიც. თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰქონდათ მხოლოდ წარედგინათ ერთი დამკვირვებლის უფლება, მაგრამ ჩვენი ბრძოლის საფუძველზე მივაღწიეთ იმას, რომ თითოეულ თავმდჯომარეობის კანდიდატს ეყოლება 4 დამკვირვებელი, თუმცა დამკვირვებლის პოზიცია, ან კრიტიკა თუ არ მოეწონათ, თავმჯდომარეს შეუძლია, ის გააძევოს ერთპიროვნულად. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, - ამბობს ღურწკაია.
თავმდჯომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება და ამას თავად უზრუნველყოფს.
ადვოკატების დიდი პროცენტი გვიჭერს მხარს ჩვენ და ჩენი გუნდის წევრები, არც მე არ დავუშვებთ იმას, რომ მათი ხმა დაიკარგოს. რაც შეეხება თუ ვინმე ამას ფიქრობს და მანკიერი ფიქრები გააჩნია, რომ ადვოკატს შეუძლია, ხმა მოპაროს, მათ მიმართ ჩვენი რეაგირება იქნება 14 დეკემბერს მყისიერი. არავინ გაბედოს, რომ ჩაერიოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული არჩევნები, - ამბობს ჩომახაშვილი.
ბრალდებებს უსაფუძვლო ჭორებს უწოდებს ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელობა.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარეობისთვის უკვე 4 კანდიდატი იბრძვის.
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს 14 დეკემბერს გახდება ცნობილი.