მუქარები, სასტიკი ძალადობა და პროკურატურის ნულოვანი შედეგი - "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 1 წელი გავიდა
„შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიების გასვლიდან რამდენიმე წუთში ბანდის წევრები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. მუქარების ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში ახალგაზრდებზე განხორციელებული უმძიმესი ძალადობის მომწყობი მაღალჩინოსნები იდენტიფიცირება შეძლეს - ის ადამიანები, ვისი მეთაურობითაც მოქალაქეებს სახის ძვლები ჩამოამტვრიეს.
სასტიკი ანგარიშსწორებიდან დღეს ერთი წელი გავიდა, თუმცა "ოცნების" პროკურატურას არცერთი პირი პასუხისგებაში არ მიუცია. მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, მათ შორის, შემზარავი ვიდეოკადრების, სადაც ძირს დაგდებულ ოპერატორს თავსა და სახეში ურტყამენ, მოძალადეები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში.
ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ქმედებებს ასაჯაროებენ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ - მათ სდევნიან, ემუქრებიან და საჯარო სივრცეშიც კი ფიზიკურად უსწორდებიან, მათ შორის ქალ ჟურნალისტებსაც.
ერთი წლის შემდეგ, გამოძიების ოფიციალური შედეგი ასეთია — „ვერაფერი დადგინდა“.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.