„საშინელი წვა და უჰაერობა მქონდა, მხედველობაც დამიქვეითდა“ - საბა სხვიტარიძე BBC-ის გამოძიებას ეხმიანება

08.12.25 10:29
„საშინელი წვა და უჰაერობა მქონდა, მხედველობაც დამიქვეითდა“ - საბა სხვიტარიძე  BBC-ის გამოძიებას ეხმიანება

სინდის პატიმარი საბა სხვიტარიძე BBC-ის გამოძიებას წერილით ეხმიანება და წერს, რომ გასული წლის აქციებზე ქიმიური ნივთიერებით თვითონაც მოიწამლა. მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში „საშინელი წვის“ და ჰაერის უკმარისობის სიმპტომები აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი სათვალე, საწვიმარი და აირწინაღი ეკეთა.

სხვიტარიძე იხსენებს, რომ არც წყლით და არც ფიზიოლოგიური ხსნარით ჩამობანვამ წვა ვერ შეუმსუბუქა. სამი-ოთხი თვის განმავლობაში მას ძლიერი ხველა და უკმარისობა არ აწუხებდა, ციხეში ყოფნის დროს კი თაი სხეულზე გამოსულმა ლაქებმაც იჩინა.

სინდისის პატიმარი "ოცნების" გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და მომხდარზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 

სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვეხმიანები მიმდინარე მოვლენებს, რადგან ზარები და პაემნები შეზღუდული მაქვს.
 BBC-ის გამოძიების შესახებ მოგიყვებით ჩემს ამბავს,  მეც ვიგრძენი ჭავლისგან საშინელი წვა. წყალი შემესხა სახეში, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი სათვალე, საწვიმარი მეცვა და აირწინაღი მეკეთა, საშინელი წვა ვიგრძენი. არც ფიზიოლოგიური ხსნარი და არც წყლით ჩამობანვა არ აცხრობდა წვას, წვა გაგრძელდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. პერიოდულად იმატებდა სიმპტომები და ჰაერის უკმარისობა დამეწყო, ვეღარ ვძლებდი დახურულ სივრცეში, ამის შემდეგ სამი-ოთხი თვის განმავლობაში მქონდა ძლიერი ხველა და უჰაერობა, რადგან ეს პერიოდი ციხეში ვიყავი ვერც ექიმთან მივედი. სამი-ოთხი თვის შემდეგ ხველამ გამიარა,მაგრამ შევატყვე რომ თვალს დამაკლდა საგრძნობლად, ციხეში ექიმმა მითხრა რომ 30%-ით მხედველობა გაქვს და ამის შემდეგ სათვალეს ვატარებ.
ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები, სამი კვირაა ველოდები დერმატოლოგს მაგრამ არ ვიცი კანის პრობლემები რამდენადაა მწველი წყლია ბრალი, რადგან ეს მოგვიანებით დამეწყო, თუმცა დანამდვილებით ვიცი ხველა და თვალის პრობლემები შესხმის თანავე დამეწყო. მე არ ვიცი ციანიდი იყო თუ შამპუნი, მაგრამ ფაქტია ქიმიური იარაღით დაუპირისპირდა ხალხს რუსული ოცნება, მე არ ვენდობი სუსის გამოძიებას და ვითხოვ საერთაშორისო გამოძიებას, - წერს სხვიტარიძე. 

 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

 

მსგავსი სიახლეები