"თბილისი ბაქოს მოთმინებას სცდის" - რას წერს აზერბაიჯანული მედია "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკაზე

08.12.25 17:44
"თბილისი ბაქოს მოთმინებას სცდის" - რას წერს აზერბაიჯანული მედია "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკაზე

აზერბაიჯანულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბოლო თვეებში ბაქო–თბილისის ურთიერთობაში შემაშფოთებელი ცვლილებები შეინიშნება. გამოცემა Minval Politika წერს, რომ ეს არ არის ცალკეული ბიუროკრატიული ხარვეზების შედეგი, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის შეცვლის ნიშანია.

გამოცემის ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანელი მძღოლები საქართველოს საზღვარზე სისტემურ შეფერხებებს აწყდებიან. ზოგიერთი მათგანი საბაჟოზე თვეების განმავლობაშია გაჩერებული, ხოლო „თბილისი პრობლემას არ აგვარებს და მხოლოდ ფორმალურ განცხადებებს აკეთებს“.

მათი ინფორმაციით, დაძაბლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა თბილისს სთხოვა რკინიგზის ტარიფი გარდაბანი–სადახლო მონაკვეთზე, რათა აზერბაიჯანული ნავთობი სომხეთში ტრანზიტით გასულიყო.

აზერბაიჯანული წყაროს თქმით, საქართველო ამ მონაკვეთზე 92 დოლარს ითხოვს თითო ტონაზე, რაც 40-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანის შიდა ტარიფები და 20-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოს შიდა ტრანზიტი. გამოცემის შეფასებით, ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ პოლიტიკური სიგნალია.

სტატია წერს, რომ საქართველოს ასეთი პოლიტიკა „ბაქოსთვის მიუღებელია":

  • თბილისი ძირს უთხრის სტრატეგიული პარტნიორის ნდობას,

  • რეგიონში ყალიბდება ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლითაც იმუშავებს,

  • ადრე ბაქო რთულ პერიოდშიც არ იყენებდა ტარიფებს საქართველოს ზეწოლისთვის.

აზერბაიჯანული მედიის შეფასებით, საქართველო დღეს სინამდვილეში ეწინააღმდეგება რეგიონული მშვიდობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ არქიტექტურას და მოქმედებს ისე, რომ შეიძლება დაკარგოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.

სტატიის დასკვნითი კითხვა ასეთია:
„გამოიჩენს საქართველო პოლიტიკურ სიმწიფეს და აირჩევს თანამშრომლობას, თუ გააგრძელებს ჩუმ და კონფრონტაციულ პოლიტიკას?“

მსგავსი სიახლეები