ძნელია პროგნოზირება, როდის დამძიმდება სააკაშვილის მდგომარეობა - ექიმი
შიმშილობის 29-ე დღე- მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერ მომენტში ელოდებიან. ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადგილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაშია, სადაც მის მკურნალობისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს.
გულ- ფილტვის რეანიმაცია, მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია- ეს ის გადაუდებელი კღონისძიებებია, რაც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს - აღნიშნავენ მედიკოსები. მათი განმარტებით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მულტიპროფილური სპეციალისტები, რადგან ყოველ მომენტში შესაძლოა, განვითარდეს იშემიური ინსულტი და გულის გაჩერებაც.
შეუქცევადი პროცესები 6 კვირის შემდეგ იწყება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თანმხლებ დაავადებებს, ეს საერთო სურათს ცვლის და ძალიან ძნელია პროგნოზი, როდის დამძიმდება სააკაშვილის მდგომარეობა. უკვე იყო 2 დრამატული მომენტი გულის რითმის დარღვევის, რომელიც შეიძლება, ცუდად დამთავრდეს - აცხადებს ექიმი ანესთეზიოლოგი, გოჩა გორგოძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს მედიკოსებთან შეხვედრასა და მედიკამენტების მიღებაზე, მას არ უტარდება არც გამოკვლევები, რაც ექიმებს განგაშის საფუძველს აძლევს. მედიკოსთა განმარტებით, დაუშვებელია სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან აღნინულ კლინიკას არ აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის არც საჭირო აღჭურვილობა და არც ლიცენზია.
მიხეილ სააკაშვილს 2 თანდაყოლილი დაავადება აქვს, თალასემია და ჟილბერ სინდრომი. ამ დროისთვის ის ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს და შიმშილობას განაგრძობს. მედიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი წუთი ახლა, შესაძლოა, კრიტიკულად გადამწყვეტი იყოს.