გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ოზურგეთი-თბილისის გზის რეაბილიტაცია 1 წელია დაუსრულებელია
ერთი წელია ოზურგეთი-თბილისის დამაკავშირებელი სახელმწიფო მნიშვნელობის ცენტრალური გზა გადათხრილია.
სოფელ ტოლებთან გზის რეაბილიტაციის გამო, მოქალაქეებს დამატებით ათობით კილომეტრის გავლა უწევთ.
ადგილზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გზა ჩაკეტილია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გადათხრილი გზის მონაკვეთზე არც მუშები და არც სპეც. სამსახურები არ მუშაობენ.
"ქართულ ოცნებასთან" დალაგებული კომპანია, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთი წელია ეს შემოვლითი გზა, რომელიც ორ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, დასრულებულიყო. ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ინტენსივობით, როგორი მიმართულებით ხდება ამ ქვეყანაში ტენდერების განაწილება, უხარისხოდ დაგებული გზები, შეუსრულებელი სამუშაოები, და ვიღაცა ჯიგრულ პონტში დალაგებული "ოცნების" მაღალჩინოსნებთან ასე ამ მიმართულებით, სრულიად უპასუხისმგებლოდ ეპყრობა იმ გზის ცენტრალურ მონაკვეთს, რომელიც ოზურგეთს აკავშირებს იმერეთთან," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო ქათამაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, იმერეთის, გურიის, ჩოხატაურის და ქობულეთის დამაკავშირებელი გზა ერთ წელზე მეტია რაც გადათხრილია, დაგებულ ნაწილს კი ბზარები გაუჩნდა.
არანაირ კორუფციას არ ებრძვიან, უბრალოდ, ღარიბაშვილის კორუფცია გადმობარებული აქვს კობახიძეს. ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვთ, ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის გზა და დამაკავშირებელი არის იმერეთის, გურიის, ჩოხატაურის, ქობულეთის, რომელიც ერთ წელზე მეტია გადათხრილია, რაც დაგებული არის უკვე ნახევრად ბზარები შეინიშნება და გაფუჭებული არის.
ამასთან, მაგალითად დღეს, როდესაც კარგი ამინდია არცერთი ტექნიკა და არცერთი ადამიანი გზაზე არ მუშაობდა. ეს არის ის დადასტურება, შავი თეთრზე, როგორ მდიდრდებიან ხალხის ფულით თავად," - თქვა თათია ნიკოლაშვილმა.
"TV პირველი" საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყება კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.