„სფერო ინვესტის“ საქმე - ბრალდებული ბიზნესმენის განცხადებები და დაძაბული სხდომა

23.12.25 21:31
„სფერო ინვესტის“ საქმე - ბრალდებული ბიზნესმენის განცხადებები და დაძაბული სხდომა

ხმაური, შეძახილები და მწვავე დაპირისპირება სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დაკავებულმა გიგა წულესკირმა ბრალდება კატეგორიულად უარყო. „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, რასაც დაზარალებულების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

ბრალდებულმა გიგა წულესკირმა დღევანდელ სხდომაზე პირველად დაასახელა საკუთარი ბიზნესპარტნიორი და განაცხადა, რომ თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამ დრომდე მიმალვაში მყოფი გიორგი მურუსიძეა. აღნიშნულმა განცხადებამ სასამართლო დარბაზში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.

ბრალდებულის სკამზე მყოფმა წულესკირმა განაცხადა, რომ იგი „სფერო ინვესტის“ ყოველდღიურ საქმიანობას არ იცნობდა და მასშტაბურ თაღლითურ საქმესთან კავშირი არ აქვს.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ კომპანია „სფერო ინვესტმა“ მოქალაქეებს ბინების დაპირებით დაახლოებით 12 მილიონი ლარი გამოართვა, თუმცა არც ბინები გადასცა და არც თანხები დაუბრუნა. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულთა რაოდენობა და მოტყუებული თანხის ოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

დაზარალებულების განცხადებით, ისინი არაერთხელ ცდილობდნენ კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას, რათა დაწყებულიყო ზიანის ანაზღაურება და თანხების დაბრუნება. მათი თქმით, მიუხედავად ამისა, კომპანიის მხრიდან კვლავ ხდებოდა თაღლითური გზით დაზარალებულებზე ზეწოლის მცდელობა და მათი მოტყუება.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები