"პოლიტიკური პოპულიზმი" - ფინანსისტები მაღალი ფასების საქმეზე კობახიძის ინიციატივას აკრიტიკებენ
"პოლიტიკური პოპულიზმი" - ასე აფასებენ ფინანსისტები კობახიძის განცხადებას, რომელმაც მაღალი ფასების საქმეზე გამოძიების დაწყება დააანონსა.
გიგა ბედინეიშვილის თქმით, "ოცნების" ხელისუფლება ფასების ზრდის რეალურ ეკონომიკურ მიზეზებს გვერდს უვლის და პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯებით ანაცვლებს.
ექსპერტის შეფასებით, ფასების შემცირების ეფექტიანი გზა საგადასახადო ტვირთისა და სამეწარმეო ხარჯების შემცირებაა, რადგან არსებული ფისკალური პოლიტიკა საბოლოოდ პროდუქციის ფასში აისახება, ხოლო მიმდინარე მიდგომა უფრო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩაქრობის მცდელობას ჰგავს, ვიდრე რეალურ ეკონომიკურ რეფორმას.
ეს არც ეკონომიკურად არის სწორი, პოლიტიკური პოპულიზმია, უბრალოდ. ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ ფასები ზედმეტად არ გაიზარდოს, არის სამეწარმეო არჯების შემცირება, გადასახადების შემცირება, ეს საგადასახაო ტვირთი საბოლოოდ, მაინც ფასებში აისახება. ასე რომ, თუ ფასები დაწევა უნდათ, მაშინ როგორც მთავრობაში აღმოჩნდა, თავისი აღიარებით, თურმე რაც ძალაუფლებაში არიან, გაქანებული კორუფცია მიდის... ასეთ სისტემაში, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ყოველთვის იქნება პერიოდული რისხვა ივანიშვილის, მთავარი მონარქის, მათი გადმოსახედიდან, ვიღაცის მიმართ, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
ამ კონტექსტში, კობახიძის განცხადებებს სკეპტიკურად აფასებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი, რომლის თქმითაც, ფასებზე საუბრისას მთავრობა გვერდს უვლის საკუთარ პასუხისმგებლობას და იმ ინსტიტუციების როლს, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის დაცვისთვის უკვე არსებობს.
არაფერი თქმულა გადასახადებზე, რომელიც საკმაოდ დიდი პრობლემაა ყველასთვის ამ ქვეყანაში. მეორე - სრულიად არაფერი თქმულა სრულიად უაზრო რეგულაციებზე, რომელიც ბიზნესისთვის და თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა და რომელსა ყოველწლიურად ამატებს ხოლმე ხელისუფლება ამ რეგულაციებს და ასევე შევიყვანთ იმ ჩამონთვალსაც, რაც ჩამოთვალა. კი, ნამდვილად, აქედან რაღაც პრობლემები არსებობს, მაგრამ ამ პრობლემებზე ჩვენ, სპეციალისტები, ეკონომისტები, ბევრი წელია ვსაუბრობთ და ამაზე ყური არავის შეუბერტყამს და ახლა რატომ გაახსენდა ეს კობახიძეს და ახლა რატომ აღმოაჩინა, სრულიად გაუგებარია. როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო ორგანოების დაინტერესებაზე და თურმე კარტერულ გარიგებებზე ვსაუბრობთ, ამისთვის სახელმწიფოს ჰყავს კონკურენციის სააგენტო და თუ ასეთი უბედურება ხდებოდა ამ ბაზარზე, მაშინ რა საჭიროა ეს კონკურენციის სააგენტო თუ ყველა დარღვევაზე პრემიერის დაკაკუნება და დაძახებაა საჭირო, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.
"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.