მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მენთეშაშვილი, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად 54 დღეა შიმშილობს.
როგორც მენთეშაშვილმმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის იყო მშვიდობიანი აქციის მონაწილე და რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით ყოფნა უხაროდა. მან ასევე მიმართა მოსამართლეს:
„ვერ ვხედავ ჩემ თავს დამნაშავედ, იმიტომ, რომ მე მშვიდობიანი დემონსტრანტი ვარ. დავდივარ რუსთაველზე, იქ იქითაც დავდივარ და აქეთაც, გადაკეტილ გზაზე, ხალხის გვერდით ყოფნა მიხარია, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დარღვევა. [...] ბოდიში, იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ რას ხედავთ ამაში საშინელებას, რომ აი ბოროტმოქმედი [ვყოფილვარ]“ - მიმართა მენთეშაშვილმა მოსამართლეს.
ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.