ტროტუარის გადაკეტვის ბრალდებით სასამართლოში დაბარებები გრძელდება - მიხეილ ზაქარეიშვილს პირდაპირ ეთერში დაურეკეს
რუსთაველის გამზირზე, ტროტუარის გადაკეტვის ბრალდებით მოქალაქეებს სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ. ერთ-ერთი ასეთი ზარი სამოქალაქო აქტივისტთან, მიხეილ ზაქარეიშვილთან იმ დროს განხორციელდა, როდესაც ის "პირველების" პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
ზაქარეიშვილს განუმარტეს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.
17 დეკემბერს რაღაცა სამართალდარღვევის ოქმია შედგენილიო, მაგაზეხართ დაბარებული, ზეგ უნდა მივიდე. სიახლე არ არის, ველოდი, ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებსაც დაუკავშრდნენ ჩემამდე, ისინი ელოდნენ და არ მგონია, ჩენთვის რამე იცვლებოდეს ამით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და მზად ვიყავით ამისთვის. მე მეგონა, რომ რამდენიმე ადამიანს ამოარჩევდნენ, ცოტას, იმისთვის, რომ საჩვენებლად დაეპატიმრებინათ. არ მგონია, რომ დაპატიმრებაზე უარი თქვან. სხვა გზა არ აქვთ, ეს მუხლი ულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას. სიტყვიერ შენიშვნასაც ვერ გამოგიცხადებენ, ან უნდა გამართლდე, ან უნდა შეგიფარდონ პატიმრობა, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.
კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მსგავსი ქმედებები არ აშინებს და მხოლოდ აბრაზებს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე იმიტომ გადის, რომ ადამიანური ცხოვრება უნდა.
საახალწლოდ ციხეში ჩამსვამენ? მადლობა დიდი, ეტყობა, მეყი ვერ დავიმსახურე. 9 აპრილი მაქვს გავლილი და მამა და მამიდა მეძებდნენ მორგში 9 აპრილის მერე და რით უნდა შემაშინონ? იქ რომ მოვდივარ და რომ ვაპროტესტებ, რას ვაპროტესტებ? ადამიანური ცხოვრება მინდა. მიზანი არის ალბათ შეშინება, შევიწროება, მაგრამ სულ ტყუილად, იმიტომ, რომ ბრაზი უფრო მეტია ამ დროს. ძალიან გაბრაზებული ვარ. არ ვიცი, ჩემს ქალაქში, ჩემს ოჯახში, რეალურად, ვირაცა მეუბნება, აქ დადექი, იქ არ დადგეო და ეს ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს. რაც არ უნდა მოჰყვე ამას, შიში არ მოჰყვება ჩემი მხრიდან, გაბრაზება მოჰყვება, რომელიც ახლაც მაქვს, - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში უკვე 10-მდე პირია დაბარებული. მათი საქმეები ძირითადად სანქცირებულ მოსამართლეებს დაეწერათ. პროცესები საქალაქო სასამართლოში ხვალ დილიდან არის ჩანიშნული. მუხლი 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.