თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ? - რის სანაცვლოდ გაუღეს ციხის კარი გიორგი კანდელაკს და მასთან ერთად დაკავებულებს
უპრეცედენტო თაღლითობის საქმეზე დაკავებული 6-ვე ბრალდებული თავისუფალია. გორელი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი და მისი გარემოცვა, ვინც გამოძიების ცნობით, წლების განმავლობაში არალეგალურ ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებდა და უაქციზო სიგარეტს ინახავდა, ციხიდან გირაოთი გამოუშვეს. ახლა მთავარი კითხვაა, გაუღეს თუ არა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ციხის კარი, ოცნების ექს ჩინოვნიკების წინააღმდეგ ახალი ჩვენებების სანაცვლოდ.
თუ ბრალდებულები ალაპარაკებას გადაწყვეტენ, გამორიცხული არ არის რომ გამოძიებას ახალი მტკიცებულებები ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ გაუჩნდეს. არალეგალური ქარხნიდან 75 ათას ბოთლ ალკოჰოლთან ერთად 300 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც არის ამოღებული. ამ საქმეზე კი ბრალდებულები ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა და ექს მინისტრის პირადი დაცვის წევრი არიან. ამავე კომპანიაში მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დასაქმებული იყო თავად ჯუანშერ ბურჭულაძე.
ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან და ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. ფლობს რესტორნებს და სასტუმროებს გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში. არის პრორუსული ტელევიზიის, სეზონი ტვ-ს 100%-იანი წილის მფლობელი და სტალინის ფონდის დამფუძნებელ.. გამოძიების ვერსიით, სწორედ კანდელაკმა დააფუძნა არალეგალური ქარხანა "ოცნების" ყოფილ დეპუტატთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად, სადაც წლების განმავლობაში უკანონო ალკოჰოლს აწარმოებდა.
გიორგი კანდელაკთან ერთად დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ქართლოს ჯალაბაძე, ალექსანდრე კურტანიძე, თენგიზ გულორდავა, გიორგი ბიბილაშვილი და გიორგი ქავთარაძე. ადვოკატები ამტკიცებენ რომ სამ თვიანი პატიმრობის შემდეგ ყველამ გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება მოინდომა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.