საოკუპაციო რეჟიმის სადამსჯელო ოპერაცია - ერთი ფოტოს და ინტერვიუს გამო პატიმრობაში გაშვებული თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილის ასაკოვან მშობლებს დატყვევებული შვილის ნახვის საშუალება არ მისცეს. პროცესი ყველასთვის დახურეს და ისე გაუშვეს აქტივისტი ქალი 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში. თამარ მეარაყიშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს და საოკუპაციო რეჟიმისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
ოსური მედიის ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებში დევს ფოტო, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ჩაუთვალეს. ფოტოზე, რომელიც მეარყიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ე.წ სპეცსამსახურებმა უკანა ფონზე სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს და ამ მტკიცებულების საფუძველზე უპირებენ 20 წლით ციხეში გაშვებას, თუმცა ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ჟურნალისტის დაკავების მიზანი მხოლოდ მისი დაშინებაა და მალე გაათავისუფლებენ.
თამარ მეარაყიშვილს რეჟიმი წლებია ფაქტობრივ ტყვეობაში აცხოვრებს. ჩამორთმეული აქვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ე.წ სასამართლოს მოგების მიუხედავად მას არც პირადობას და არც პასპორტს უბრუნებდნენ. გამოკეტილი ჰყავდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
თამარ მეარაყიშვილის სიცოცხლეს საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საფრთხე ემუქრება - მისი მეგობრები განგაშის სიგნალს რთავენ და ქართულ მხარეს მოუწოდებენ დროულად გააგებინონ ახალგორელი აქტივისტის პატიმრობის ამბავი საერთაშორისო საზოგადოებას.