"წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ გამომძიებლებმა ახალგორში თამარ მეარაყიშვილის სახლი გაჩხრიკეს" - უჩა ნანუაშვილი
"თამარ მეარაყიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს ახალგორში" - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სახლიდან წაღებულიასხვადასხვა პირადი ნივთი, მათ შორის თამარის გაგზავნილი წერილების ასლები ადგილობრივი დეფაქტო უწყებებისთვის ახალგორელების სხვადასხვა პრობლემებზე, კომპაქტ-დისკები საოჯახო ფოტოებით, ნიდერლანდების საელჩოს კონკურსში გამარჯვებისთვის 2018 წელს გადაცემული პრიზი "ადამიანის უფლება ტიტა", ასევე ქართული ბანკების ვადაგასული ბარათები და სხვა.
ყოფილი სახალხო დამცველის ცნობით, გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს თამარის მშობლების სახლი ახალგორში.
თამარ მეარაყიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს ახალგორში, საიდანაც წაიღეს სხვადასხვა პირადი ნივთი, მათ შორის თამარის გაგზავნილი წერილების ასლები ადგილობრივი დეფაქტო უწყებებისთვის ახალგორელების სხვადასხვა პრობლემებზე, კომპაქტ-დისკები საოჯახო ფოტოებით, ნიდერლანდების საელჩოს კონკურსში გამარჯვებისთვის 2018 წელს გადაცემული პრიზი "ადამიანის უფლება ტიტა", ასევე ქართული ბანკების ვადაგასული ბარათები და სხვა. გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს თამარის მშობლების სახლი ახალგორში, თუმცა იქიდან მალე წავიდნენ და მხოლოდ ზედაპირული ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც ჩანს იმდენად თეთრი ძაფითაა საქმე შეკერილი, ცდილობენ რამე ხელმოსაჭიდის პოვნას და ამიტომ თამარის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ დაიწყეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.
თავდაპირველად ე.წ. პროკურატურა თუ საუბრობდა სტრატეგიული ობიექტების გადაღებაზე და ჯაშუშობაზე, შემდეგ ეს რიტორიკა შეიცვალა მედია საშუალებებთან თანამშრომლობით და მასალების მიწოდებით. ანუ ჟურნალისტური საქმიანობის გამოცხადება სურთ ჯაშუშობად.
აღსანიშნავია, რომ თამარი წლების მანძილზე არამხოლოდ ადგილობრივ დეფაქტო ხელისუფლებას, ასევე არანაკლებ აკრიტიკებდა თბილისს მთელი რიგი დარღვევების გამო.
თამარი კვლავ არ იღებს საკვებს, არ აღიარებს ბრალს და ითხოვს გათავისუფლებას. მისი ადვოკატი სამი დღის ვადაში გაასაჩივრებს წინასწარი პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თუმცა გასაგებია რომ 'სასამართლოსგან' სამართლიან გადაწყვეტილებას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
ამ ფონზე სრულიად გასაკვირი და მიუღებელია ის დუმილი და მხოლოდ ტექნიკური განცხადება, რაც ოფიციალური თბილისის მხრიდან კეთდება. დღემდე არ მოგვისმენია რას გეგმავს თბილისი თამარის გათავისუფლებისთვის. დღემდე არ ისმის მკაფიო ხმა მისი უფლებების დასაცავად!
თავისუფლება თამარ მეარაყიშვილს!" - წერს უჩა ნანუაშვილი.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დე ფაქტო რეჟიმი აქტივიტს „ჯაშუშობას“ ედავება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.
მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.