იზოლატორებში ადამიანების 60 დღემდე გამოკეტვა არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება - ლაშა ტყეშელაძე
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანების 60 დღემდე გამოკეტვა არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. საქმე "ოცნების" ახალ კანონს ეხება, რომლის თანახმადაც ტროტუარის გადაკეტვის გამო მოქალაქეები შესაძლოა იზოლატორებში 60 დღემდე ვადით მოათავსონ.
ინტერესების დამცველის განმარტებით, ინფრასტრუქტურა კარცერის ტიპის დახურულ სივრცეს ჰგავს და ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს იმისთვის, რომ იქ ადამიანები 48 საათზე მეტხანს დააყოვნონ.
ტყეშელაძე თემით დაინტერესებას სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს სთხოვს.
ვდგავარ დაწესებულებასთან, რომელსაც ჰქვია დროებითი მოთავსების იზოლატორი, ე.წ. კაპეზე, რომელიც არის დახურული ტიპის იზოლატორი, რომელიც უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას თუ აქ ადამიანები იქნებიან კარცერის ტიპის დაწესებულებაში. ზოგადად, ადმინისტრაციული პატიმრობა იყო რამდენიმე დღე, დღეს კი სისტემამ მიიღო, რომ შეიძლება, ადამიანი გამოკეტონ 60 დღით.
აღნიშნული ინსფრასტრუტურა, ანუ სახელით კი თვითონ ამბობს, რომ ეს უნდა იყოს დროებითი მოთავსების იზოლატორი. ინფრასტრუქტურა არ პასუხობს იმ გამოწვევებს, სადაც ადამიანი, თავისუფალი მოქალაქე შეიძლება, გამოკეტონ რამდენიმე დღით. ეს უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისი. მაქსიმუმ შესაძლებელი იყო, რომ ააქ ადამიანი ყოფილიყო 48 საათი, 72 საათი, დღეს კი 60 დღემდე არის შესაძლებელი, რომ გამოკეტო თავისუფალი ადამიანი.
დღეს ჩვენ სასამართლოში ვხედავთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება, თავისუფალი ადამიანები დახურული იზოლატორში, სადაც კარცერის ტიპის დაწესეულებაა, გამოკეტონ.
მე მინდა, მოსამართლეებს მოვუწოდო: თქვენ თუ კანონის არ გჯერათ, თქვენ თუ აღარ გჯერათ კონსტიტუციის, თქვენ თუ აღარ გჯერათ სამართლის, კარმის მაინც გეშინოდეთ. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც იბრძიან სიმართლისთვის, კონსტიტუციის დაცვისთვის, კარცერის ტიპის დაწესებულებაში, სადაც ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება და უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას, აქ უნდათ, რომ თავისუფალი ადამიანები გამოკეტონ.
მე ვთხოვ, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველი, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, ყველა ის უწყება, რომელსაც სურს, რომ საქართველოში იყოს კანონით გარანტირებული ყველა ის უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
რუსთაველის გამზირზე, ტროტუარის გადაკეტვის ბრალდებით მოქალაქეებს სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ. აქტვისტების საქმეები ძირითადად სანქცირებულ მოსამართლეებს დაეწერათ. პროცესები საქალაქო სასამართლოში დღეს დილიდან არის ჩანიშნული. "ოცნების" ახალი რეგულაციის მიხედვით, მუხლი 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.