ბურჭულაძე ამბობს, რომ დაკავების დღიდან ყველანაირი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ, დაკავების დღიდან ყველანაირი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.
როგორც სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ოჯახის წევრები მოწმეების სიაში არიან, ამიტომ ჩვენებსი მიცემამდე, ბურჭულაძეს მათთან კომუნიკაცია ეზღუდება.
“ჯუანშერ ბურჭულაძეს დაკავების დღიდან ყველანაირი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს. ოჯახის წევრები მოწმეების სიაში არიან, მაგრამ მეუღლე და მამა ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ. ითხოვენ დაესწრონ პროცესებს. მათი უფლებაა საკუთარი ოჯახის წევრის წინაამღდეგ არ მისცენ ჩვენება”.- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ.
პროკურატურამ კი ცოტა ხნის წინ შუამდგომლობა დააყენა, საქმის მასალებს 7 კომპიუტერული დისკი დაერთოს, რომელიც ექსპერტიზის შედეგად იქნა ამოღებული.
ასევე პროკურატურამ მოითხოვა, რომ მოწმეების ნუსხას ექსპერტები დაემატონ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობები დააკმაყოფილა.
- საქალაქო სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლოში არსებით განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრებიან ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე - გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.
შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური კი, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, პროცესზე ისევ არ გამოცხადდა.
- ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.