შეცვლილი ჩვენება საქმეში და სახლი ესპანეთში - როგორ იმართლა თავი სასამართლოზე ჯუანშერ ბურჭულაძემ

25.12.25 17:25
შეცვლილი ჩვენება საქმეში და სახლი ესპანეთში - როგორ იმართლა თავი სასამართლოზე ჯუანშერ ბურჭულაძემ

 

 

"დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე" - ამ სიტყვებით მიმართადღეს სასამართლოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,  ჯუანშერ ბურჭულაძემ.

"ოცნების" ყოფილმა მაღალჩნოსანმა მოსამართლეს უთხრა, რომ ასეთ ჩვენებას არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გაითვალისწინებდნენ.

ბურჭულაძემ ისაუბრა ესპანეთის სახლზეც და სასამართლოს უხსნიდა, რომ აღნიშნული სახლი საჯარო მოხელეობამდე შეძენილი ორი ბინის გასხვისების შედეგად შეიძინა. 

რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა - განაცხადა ჩინოვნიკმა სასამართლოზე. 

რაც შეეხება მტკციებულებებს და ჩამოყალიბებულ ბრალს ბატონო მოსამართლევ, ეს იმდენად აბსურდულია, რომ არ ვიცი რანაირად გავაკეთო კომენტარი. ჩემი დაკავება მოხდა ერთი ირიბი ჩვენების საფუძველზე, თან შეცვლილი ჩვენების. მე მგონია, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ჩვენებას არ გაითვალისწინებდნენ. განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა.

ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი.

ქონება, რომელიც მე გავასხვისე, ის მათ შორის, მათი დასკვნაც ასახავს იმას, რომ ის თანხა დავფარე სხვა ორი ქონების რეალიზაციით, რომელიც ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2011 და 2007 წელს. ორი ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, ორივე ბინა მქონდა მათ შორის მქონდა დეკლარირებული. ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს - ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ. სხვა არგუმენტაცია ამას არ აქვს.

ვაკონკრეტებ - ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე"- თქვა ბურჭულაძემ.

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.