MEGOBARI act-ის გეოგლიფზე დაჯარიმებული ზუგდიდელი აქტივისტის სასამართლო ხვალ გაიმართება
"ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ ზიანისთვის მედავებიან, თუ გამოყენებისთვის, მაგრამ საინტერესო პროცესები იქნება" - ამის შესახებ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტო ზარანდია აცხადებს, რომელიც ანაკლიაში MEGOBARI act-ის 380-მეტრიანი გეოგლიფის გამოსახვის გამო, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა.
როსტო ზარანდიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მისი თქმით, მსგავსი პროცესებითა და საქმეებით "ისედაც გაუბედურებულ თემიდას უფრო შეუყენეს წყალი".
ზუგდიდის მერიამ ჩამაბარა ოქმი MEGOBARI act-ზე, რითაც უკვე დამაჯარიმა 2 000 ლარით, რომ მე ნებართვის გარეშე გამოვიყენე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა. ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ ზიანისთვის მედავებიან, თუ გამოყენებისთვის, მაგრამ საინტერესო პროცესები იქნება. ჩვენ ისედაც გაუბედურებულ თემიდას უფრო შეუყენეს წყალი მსგავსი იდიოტური საქმეებით.
რა თქმა უნდა, არ მეშინია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ და მიზანი იქნება გამარჯვება და როცა გამარჯვება ასეთი ტკბილია რაღაც ქეციანი ჯარიმებით როგორ უნდა შემაშინონ.
ხვალ მაქვს სასამართლო პროცესი ზუგდიდის უსამართლოში, მოსამართლე ისევ იქნება ჩემი მოსამართლე ირაკლი აბშილავა," - ამბობს როსტო ზარანდია.