თბილისის აეროპორტში მგზავრის ბარგიდან 3 080 აბი „პრეგაბალინი“ ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

26.12.25 10:49
თბილისის აეროპორტში მგზავრის ბარგიდან 3 080 აბი „პრეგაბალინი“ ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. 

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია - ისრაელის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჰ.ა.

როგორც შსს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.