სუს-მა ახალაიას სახლიდან რეცეპტების რვეული წაიღო

26.12.25 20:21
სუს-მა ახალაიას სახლიდან რეცეპტების რვეული წაიღო

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სახლიდან ისეთი ნივთები წაიღეს, რაც ოჯახის წევრების პირადი გამოყენებისთვისაა საჭირო.

მისი თქმით, წაღებულია მისი პირადი ბლოკონოტი, რომელშიც რეცეპტებს და პირად ჩანაწერებს ინახავდა.

კომპიუტერი წაიღეს, სპეციალური, საიდანაც მუსიკებს ვუსმენედით, ყველას მობილური ტელეფონი, ვაიფაი მოდელი, მე მაქვს ძალიან დიდი კოლექცია ფილმების, რომლებიც მაქვს ბავშვობიდან დისკებზე ჩაწერილი, ასევე წაიღეს ჩემი პირადი ბლოკნოტები,  სადაც რეცეპტები და პირადი ჩანაწერები მაქვს, თავის მოვლის საშუალებებზე,- ამბობს ის.

ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ის, რაც ბრიფინგზე მოისმინა  საზოგადოებამ, სრული ბოდვა იყო.

მითხრეს რომ ჯგუფური ძალადობის მუხლით, პირველი ნაწილით, ანუ მითხრეს, რომ მთავრობის მიმართ ძალადობის მუხლით ხართ დაკავებულიო. ის, რაც ბრიფინგზე მოისმინა  საზოგადოებამ, სრული ბოდვა იყო. ეს გადაუდებელი შემოვარდნა სახლში, ესეც კი არ ჰქონდათ დაგეგმილი, ისეთი დაბნეულბეი იყვნენ, - უყვება “პირველებს“ ნადარეიშვილი.

 

ცნობისთვის: 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში? 

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.