ანი ნადარეიშვილი: როცა რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, დათას 13 წლის ძმისშვილი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და არ ვიცოდით, სად ჰყავდათ

27.12.25 10:22
ანი ნადარეიშვილი: როცა რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, დათას 13 წლის ძმისშვილი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და არ ვიცოდით, სად ჰყავდათ

დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ როდესაც მათ სახლში იარაღიანი სამართალდამცველები შევიდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი სადარბაზოში დააკავეს, წაართვეს მობილური და ზარებზე პასუხის საშუალებას არ აძლევდნენ. 

 3 საათი ქუჩაში ყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი - წერს ნადარეიშვილი. 

იმ წუთებში, როცა ჩვენთან  რუსის ავტომატიანი მონები შემოცვივდნენ, ბაჩოს 13 წლის ძმისშვილი დათა ახალაია გადიოდა სადარბაზოდან, ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი. მის ტელეფონზე განუწყვეტლივ შედიოდა დედამისის ზარი და ბავშვს არ აპასუხებინეს დედისთვის,თუნდაც ორი სიტყვით რომ ეთქვა რომ ცოცხალი იყო. ყველა ქოცს გისურვებთ იგივე გაიაროთ!"- წერს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში? 

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.

 

მსგავსი სიახლეები