რომელი ქიმიური ნივთიერებებით დაარბიეს გასულ წელს აქციის მონაწილეები - სად არის ოფიციალური დოკუმენტები?
დეპუტატი შარმანაშვილი ცდილობს გაამართლოს ის, რომ გასული წლის ნოემბერ დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ გომელაური-ხარებას რაზმმა სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური აგენტი გამოიყენა. სუს-ის 5-დღიანი გამოძიების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არცერთ დეპუტატს არ აქვს - რა ნივთიერება და რა გამხსნელი შეურიეს წყლის ჭავლში, რომელმაც დემონსტრანტების ნაწილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
"ქართული ოცნების" ვერცერთი დეპუტატი კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს. არადა უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა, რატომ არ ასაჯაროვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ჩანაწერებს თუ დოკუმენტაციას, რატომ შემოიფარგლა მხოლოდ 1 კასრის საჯაროდ ჩვენებით და რეალურად რა დაადგინა სუს-მა ჩატარებული 5-დღიანი გამოძიებით.
შესაძლებელია თუ არა 1 წლის შემდეგ დადგენა, თუ რა ნივთიერებებს ურევდა წყლის ჭავლში შინაგან საქმეთა სამინისტრო? - ექიმი, გიორგი ახობაძე განმარტავს, რომ ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტრიქლორეთილენის კვალი თმაზეც რჩება და თმის ნიმუშით აგენტის დადგენა შესაძლებელია, თუმცა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში დარბეულების თმის ნიმუშების შესწავლა ქვეყნის შიგნით ვერ მოხდება.
"ქართული ოცნება" საკუთარ დანაშაულს ვერ გამოიძიებს - ასე ფიქრობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ამიტომ ასეთი მასშტაბის სავარაუდო დანაშაული აუცილებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა უნდა გამოიძიოს. კოტე კემულარიას აზრით საქმე შესაძლოა ჰააგამდეც მივიდეს.