მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად "ოცნებამ" ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს - უფლაბადამცველები
უფლებადამცველები "ქართულ ოცნებსა" მოუწოდებენ, ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენონ. ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მეარაყიშვილის ბედით ახლა არავინ ინტერესდება, რითაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სარგებლობს.
ყოფილი ომბუდსმენი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაუსაძლისი მდგომარეობაა, მეტადრე ქალისთვის, რომელიც პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზეა.
უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველა ის მექანიზმი, რომლითაც თამარი იქნებოდა გათავისუფლებული. სამწუხაროდ, მსგავსი რამ არ მომხდარა. პრაქტიკულად, მისი ბედით არავინაა დაინტერესებული ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომაც, ცხინვალი იყენებს ამას დღეს და პრაქტიკულად, თამარი არის დღეს გაგლოევის პირადი პატიმარი. გუშინ მან დაიწყო მშრალი შიმშილობა. ეს იყო პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის ადმინისტრაცია მას უდიერად მოეპყრო, გააკეთა საკმაოდ არასაიამოვნო განცხადებები. ცხინვალის ციხეში ისედაც არის უმძიმესი ვითარება ნებისმიერი პატიმრისთვის, მითუმეტეს, როცა ადამიანი უკვე 8 დღეა შიმშილობს და გამომდინარე იქიდან, რომ პირობები არის საკმაოდ მძიმე, ამიტომ ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია და მძიმეა იმ პირობების გადატანა, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
"ქრთულ ოცნებას" მოქმედებისკენ მოუწოდებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულო ქალი მარტო არ დარჩეს.
ადვოკატის თქმით, ის ძალიან დასუსტებულია და წონაში აქვს დაკლებული და შიმშილობას ის მიმართავს როგორც პოლიტიკური პროტესტის ფორმას. თამარი, ცხადია, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ცხინვალში თუ დარჩა სამოქალაქო საზოგადოების ნიშნები, იგივე ინდივიდუალური აქტივისტების თუ ტელეგრამ არხების მეშვეობით, მათი დიდი ნაწილი თამარის მიმართ სოლიდარულია და ყველა მედიის პოზიციით, წარდგენლი ბრალდება უსაფუძვლოა და ეს, გაგლოევის, რომელსაც ლეგიტიმაციის და ნდობის პრობლემა აქვს საზოგადოების შიგნით, მცდელობაა, რომ თამარისგან მტრის ხატი შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ თამარი არ დარჩეს მარტო ამ პროცესში და არსებითია, რომ თბილისმა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა იმისთვის, რომ თამარის გათავისუფლების საკითხი დააფიქსიროს, - ამბობს თამთა მიქელაძე.
შეგახსენებთ, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობილია ასევე, რომ თამარ მეარაყიშვილი "მშრალ შიმშილობაზე" გადავიდა. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თამარ მეარაყიშვილმა უკვე 10 კილოგრამი დაკარგა.