გელა ხასაია სასამართლოზე ვერ მიიყვანეს - პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, გელა ხასაია სასამართლო სხდომაზე ვერ მიიყვანეს, რაც პროცესის გადადების მიზეზი გახდა.
მომდევნო სხდომა 12 იანვარს გაიმართება.
გელას წარდგენილი აქვს ბრალდება, რომელიც დასაბუთებული არ არის საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. დღევანდელი სხდომაც იქნება მორიგი შემთხვევა, როცა ჩვენ დავადასტურებთ, რომ გელა ხასაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის პოლიტიკური შინაარსის და მას არანაირი კავშირი არ აქვს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ან მასალებთან.
დღეს გამოიკითხებიან ბრალდების მოწმეები, სავარაუდოდ, გამომძიებლები და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც ჩატარებულია მათ მიერ, ასევე მათ მატერიალურ შინაარსს, დამოუკიდებლად აღებული მატერიალური შინაარსი ამ მტკიცებულებების არ იძლევა საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ გელა ხასაიას მიმართ გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, პირიქით, ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გელა ხასაია უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი," - განაცხადა გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
- ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.