თამარ ლორთქიფანიძის საქმე - მთავარი მტკიცებულება, შსს-ს მანქანა ამ დრომდე არ დაულუქავთ
თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ლორთქიფანიძის პროცესი გაიმართა.
აქტივისტის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა აღმოაჩინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანა, რომელზე თავდასხმასაც ედავებიან თამარ ლორთქიფანიძეს, ამ დრომდე არ დაულუქავთ და არც სპეციალურ სივრცეში გადაუყვანიათ.
მნიშვნელოვანი გარემოება ამ საქმეში არის ის, რომ ბრალდების მხარემ არ ამოიღო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა თამარ ლორთქიფანიძის მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. როგორ შეიძლება ადამიანს ვედავოთ რაიმე ნივთის დაზიანებას, ეს ნივთი იყოს შსს-ს საკუთრებაში, კონკრეტულად მანქანაზე ვსაუბრობ, მაგრამ შსს-ს აღნიშნული ნივთი ამოღებულიც არ ჰქონდეს და საქმეზეც არ იყოს დამაგრებული.
ბრალდების მხარეს პოლიციელზე თავდასხმის ნაწილში არაფერი არ აქვს, უშუალოდ პიროვნებაზე თავდასხმის ნაწილში და ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო," - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, პროკურატურა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას და ტაქსის მძღოლის ცემას ედავება.
მას 25 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აქტივისტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.