დათოვლილი გზები და უშუქოდ დარჩენილი სოფლები - უამინდობა დასავლეთ საქართველოში
დასავლეთ საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში უამინდობის გამო კვლავ რთული ვითარებაა.
ძლიერი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო რამდენიმე სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის ნაწილს უკვე მეორე დღეა, რაც შუქი არ მიეწოდება, რის გამოც გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ელექტროენერგიის გარეშე 14 სოფელი და ასობით ადამიანი დარჩა.
ენერგომომარაგების კომპანიების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის და ყინვის შედეგად დაზიანდა ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა.
რთული ვითარებაა გზებზეც - თოვლის გამო გადაადგილება გართულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა მუშაობს, მდგომარეობა ჯერ ბოლომდე სტაბილური არ არის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არ აქვთ პასუხი, როდის აღდგება კომუნიკაციის საშუალებები. ისინი ადგილობრივ მერიას მოუწოდებენ, დროულად მოხერხდეს გზების გაწმენდა.
ასეთი თოვლი მე არ მახსოვს, შუქი არ გვაქვს, წყალი მოდის გაჭირვებულად და ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. დამტვრეულია ხეები და მავთულზე არისო, ის რომ არ გაკეთდეს დღეს, აწი აღარ იქნება, მემგონი, - ამბობს ადგილობრივი.
არც ინტერნეტია, ბანკები არ მუშაობს. ამბობენ, რომ დღს მეორე ნახევარში იქნებაო და ვნახოთ, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმარტავს, რომ გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან საუბნო გზები ჩახერგილია.
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული სამუშაობის შედეგად 8 სოფელში აღვადგინეთ ელექტრომომარაგება. დარჩენილი გვაქვს 14 სოფელი, რომელზეც მუშაობს 19 პროფესიონალი ჯგუფი და დღის განმავლობაში უკვე მთელი ზუგდიდის სოფლები იქნება ელექტრომომარაგებული.
რაც შეეხება გზების გაწმენდას, მთელი ზუგდიდის მასშტაბით გაწმენდილი გვაქვს ყველა ცენტრალური გზა, აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა და დარჩენილი გვაქვს შიდა საუბნო ქუჩები, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და დღის განმავლობაში შევეცდებით, რომ მთელი ზუგდიდი გვქონდეს გაწმინდილი, - ამბობს მერი.