„პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა" არ მომხდარა - უკრაინის პასუხი

30.12.25 15:57
„პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა" არ მომხდარა - უკრაინის პასუხი

„პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა" არ მომხდარა - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა რაიმე "თავდასხმის" დამაადასტურებლად ვერც ერთი მტკიცებულება.

„ისინი ამას ვერც გააკეთებენ. იმიტომ, რომ ასეთი თავდასხმა არ მომხდარა“, - აღნიშნა სიბიგამ.

სიბიგას თქმით, კიევი იმედგაცრუებულია არაბთა გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის და პაკისტანის მხარეების განცხადებებით.

მისი თქმით, რუსეთის უსაფუძვლო მანიპულაციურ ბრალდებებზე ასეთი რეაქციები მხოლოდ რუსულ პროპაგანდას უწყობს ხელს და მოსკოვს მეტი სისასტიკისა და ტყუილისკენ უბიძგებს.

„იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ არაბთა გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის და პაკისტანის მხარეების განცხადებებით, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას თავდასხმის შესახებ, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ მათგან არცერთს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, როდესაც 2025 წლის 7 სექტემბერს რეალური რუსული რაკეტა უკრაინის მთავრობის რეალურ შენობას დაეცა.

რუსეთს ცრუ განცხადებების გაკეთების ხანგრძლივი ისტორია აქვს - ეს მათი დამახასიათებელი ტაქტიკაა. მაგალითად, რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაესხმებოდა თავს უკრაინას 2022 წლის დასაწყისში. ისინი ასევე ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელ ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან - ეს ძირს უთხრის ბოლო დროს წინ მიმავალ კონსტრუქციულ სამშვიდობო პროცესს“, - წერს სიბიგა.