მეარაყიშვილი მებრძოლი ადამიანია, ვთხოვ, შეწყვიტოს მშრალი შიმშილობა - ვაჟა გაფრინდაშვილი
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ნამყოფია, ამბობს, რომ თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ციხეში, სავარაუდოდ, გაუსაძლის პირობებშია.
მედიკოსი ახალგორელ აქტივიტს სთხოვს, შეწყვიტოს მშრალი შიმშილობა, რადგან ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. მისი თქმით, მეარაყიშვილი მნიშნელოვან საქმეს აკეთებს რეგიონში და ამიტომ ის ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
რა თქმა უნდა, ქალბატონი თამარი ძალიან მძიმე პირობებში იქნება, მითუმეტეს, თუ მშრალი შიმშილობაც გამოცხადებული აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მარიონეტულ მთავრობას საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა მოშიმშილეებს და მათ მდგომარეობას, დღესდღეობით რამდენიმე პატიმარი აგრძელებს შიმშილობას და ამაზე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ აქვს ჩვენს მთავრობას. წარმოუდგენელია, რომ ცხინვალის კიდევ უფრო მარიონეტულ მთავრობას რამე რეაქცია ჰქონდეს.
ქალბატონი თამარი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა და დღესაც აკეთებს. ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთი მებრძოლი ადამიანია და ის ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი, რომ მას ჰქონდეს ძალა და ენერგია, რომ ეს ეროვნული საქმე, რასაც დღემდე აკეთებდა, რომ გააგრძელოს.
რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მას ვთხოვდი, რომ შეწყვიტოს ეს შიმშილობა. თამარი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი. წარმოუდგენელია, რუსები დააშინო შიმშილობით, იმიტომ, რომ მათთვის ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები ადამიანი იქნება ცხინვალის რეგიონში, საერთოდ არ ადარდებთ, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „საპა“ ავრცელებს, წყაროდ მისი ადვოკატი ალან ბაზაევი სახელდება.